პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

მაკრონი: ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენ მას ერთად აღვადგენთ

Getty

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომლის ნაწილიც გუშინ გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა, აღადგენენ.

"რაც დღეს ღამით პარიზში მოხდა, ამ კათედრალში, საშინელებაა. ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი, ჩვენი ყველა დიდებული მოვლენის ადგილი, ეპიდემიების, ომების, გათავისუფლების, ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრი. ამიტომ დღეს სრული სერიოზულობით ვამბობ: ჩვენ მას ერთად ხელახლა ავაშენებთ. ეს ნამდვილად იქნება საფრანგეთის ბედისწერის ნაწილი და პროექტი მომდევნო წლებისათვის. ეს არის რასაც ფრანგები მოელიან და რასაც ჩვენი ისტორია იმსახურებს." თქვა მან.

ხანძრის გამო მაკრონმა სატელევიზიო მიმართვა გააუქმა, რომელშიც ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციებზე უნდა ესაუბრა. აქციები საფრანგეთში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ტაძრის სახურავი მთლიანად ჩაინგრა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა შესაძლოა ის რენოვაციის სამუშაოებთან იყოს კავშირში. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მაშველებმა ასევე მოახერხეს ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთების გადარჩენაც, მათ შორის ეკლის გვირგვინის, რომელიც მიაჩნიათ, რომ ჯვარზე გაკვრამდე ქრისტეს დაადგეს თავზე და ტუნიკის, რომელიც მეფე ლუი მეცხრეს ეცვა, როდესაც მან გვირგვინი პარიზში ჩაიტანა.

მილიარდერმა ფრანსუა-ჰენრი პინომ, Kering group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც გუჩის და ივ სენ ლორენს ფლობს, ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო. სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციისათვის თანხის შეგროვებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპირებენ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარს, რომელიც მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში აშენდა წელიწადში 13 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, უფრო მეტი, ვიდრე ეიფელის კოშკს.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტაძარს ფრანგული და ევროპული კულტურის სიმბოლო უწოდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ხანძარი საშინელი სანახავი იყო. მან წამოაყენა იდეა, რომ ხანძარი ვერტმფრენებით ჩაექროთ, თუმცა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ეს უარყვეს, რადგან შესაძლოა მთელი შენობა განადგურებულიყო.

კომენტარები