საარჩევნო ბლოკი

შავგულიძე: 18 აპრილს, 14:30-ზე უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ

0 კომენტარი
შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე ფოტო: ტაბულა

საარჩევნო ბლოკი "თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველო" 18 აპრილს, 14:30 საათზე უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე მსვლელობას გეგმავს. 

ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, ბრიფინგზე ისაუბრა და მოსახლეობას მსვლელობისთვის შეერთებისკენ მოუწოდა. 

შავგულიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ სასამართლოებზე სრული კონტროლი განახორციელოს. სწორედ ამიტომაც, შავგულიძის თქმით, ხვალ ქართული ოცნების უმრავლესობა ვენეციის კომისიისგან დაწუნებული კობახიძის კანონპროექტისთვის აპირებს ხმის მიცემას. 

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხვალ ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ ე.წ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინოს თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ კლანის მიერ შერჩეულები იქნებიან არა სამართლის, არამედ ხელისუფლებისადმი ერთგული მსახურების მზადყოფნის ნიშნად,"- ამბობს შავგულიძე. 

შავგულიძის თქმითვე, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ 16 აპრილს გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ ქართული ოცნება არ აპირებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ იუსტიციის საბჭომ, რომლის მიმართაც დაბალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს, არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობა. 

"ქართული ოცნება ასევე არ აპირებს გაიზიაროს ვენეციის კომისიის, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა შენიშვნებიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. შექმნილ ვითარებაში მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამართლის უზენაესობა, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება, შემოგვიერთდით საპროტესტო მსვლელობაში, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე. რათა ქართულ ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას დავანახოთ და ვეცადოთ, შევასმინოთ, საზოგადოებრივი პროტესტი ამ მავნებლური კანონის მიმართ,"- თქვა შავგულიძემ. 

უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობს ნინო გოგუაძეც:

"მივიდეთ უზენაეს სასამართლოსთან, რადგან იქ, საქართველოს სასამართლოში უკვე მერამდენედ, მაგრამ ამჯერად ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობის განადგურება სურთ. სამართალზე და სამართლიან სასამართლოზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი დაიცავს ადამიანს და პირიქით, არავინ და არაფერი ისე არ დაჩაგრავს ადამიანს, ისე არ დათრგუნავს თავისუფლებას, როგორც უსამართლო სასამართლო, როგორც კლანის ხელში ჩავარდნილი სასამართლო, როგორც ერთი კაცის ნებას დამორჩილებული სასამართლო. ჩვენ უნდა დავიცვათ სასამართლო დღეს, რომ ის ემსახუროს სამართლიანობას ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. სწორედ ამიტომ, ხვალ, 18 აპრილს, 14:30-ზე საქართველოს მოქალაქეები ვიკრიბებით უზენაეს სასამართლოსთან".

16 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძის კანონპროექტს ეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი საბჭოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი საბჭოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები