უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

პოროშენკო: ვტოვებ უკრაინის პრეზიდენტის პოსტს, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მარცხი აღიარა და ოპონენტ ვოლოდომირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა. 

პოროშენკო ამბობს, რომ ის ტოვებს უკრაინის პრეზიდენტის პოსტს, რადგან ასეთია უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება, თუმცა პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს. 

"არასდროს დანებდეთ, ვამბობ მე, ეგზიტპოლების შედეგების ნახვის შემდეგ. ეს შედეგები კი ცალსახაა და მაძლევს საფუძველს, დავურეკო ოპონენტს და გამარჯვება მივულოცო მას. მე ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, ასე გადაწყვიტეს უკრაინელებმა და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. მე დავტოვებ ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ წავალ. და მომავალშიც დავრჩები პოლიტიკაში და გავაგრძელებ უკრაინისთვის ბრძოლას. პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავდით, ახლა საფრთხის ქვეშაა, თუმცა ჩვენი გუნდი დაიცავს ევროპული ინტეგრაციის, უვიზო რეჟიმისა და ნატოს კურსს,"- ამბობს პოროშენკო. 

ეროვნული ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.2% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 25.3%.

ხოლო ТСН-ის იმავე პერიოდის ეგზიტპოლით კი, ზელენსკი - 72.7%, პოროშენკო - 27.3%. 

ეროვნული ეგზიტპოლების შედეგები კიევის დროით, 22:00 საათზე განახლდება. 

ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკიმ უკრაინის ყველა რეგიონში გაიმარჯვა. ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მას აღმოსავლეთ უკრაინაში გამოუცხადეს, ყველაზე დაბალი კი - დასავლეთ უკრაინაში. 

კერძოდ:

აღმოსავლეთ უკრაინა - ზელენსკი 88.1%, პოროშენკო 11.9%;
დასავლეთ უკრაინა - ზელენსკი 52.0%, პოროშენკო 48.0%;
კიევი - ზელენსკი 59.5%, პოროშენკო 45.5%;
ჩრდილოეთ უკრაინა - ზელენსკი 74.6%, პოროშენკო 25.4%;
ცენტრალური უკრაინა - ზელენსკი 78.8%, პოროშენკო 21.2%;
სამხრეთ უკრაინა - ზელენსკი 85.6%, პოროშენკო 14.4%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები