უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ხმების 100% დათვლილია - უკრაინის ახალ პრეზიდენტად 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს

UNIAN

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა - 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ახალი პრეზიდენტია. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისმა ოპონენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ხმების 24.45% აიღო. 

უკრაინის საარჩევნო კომისიის ცნობით, ზელენსკის ჯამში 13 541 530 ადამიანმა მისცა ხმა, მოქმედ პრეზიდენტს კი - 4 522 320. ბათილად ბიულეტენების 2.31% ცნეს. ჯამში არჩევნებში მონაწილეობა უკრაინის 18 491 840 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცეს დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა. ასევე არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მსოფლიო პატრიარქმაც მიულოცა. 

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები