აფეთქებები შრი-ლანკაში

შრი-ლანკას ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს

The Daily Star

22 აპრილს შრი-ლანკას გამომძიებლის თქმით, 21 აპრილის აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული.

მთავრობის წარმომადგენლის არიანანდა ველიანგას თქმით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შანგრილას სასტუმროში აიფეთქა თავი, ორმა სხვა სასტუმროებში, ხოლო დანარჩენებმა ეკლესიებში. მისი თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

მთავრობის სპიკერის, რაჯითა სენარატნეს თქმით, აფეთქებაში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია - "ჩვენ არ გვჯერა, რომ თავდასხმა ამ ქვეყანაში არსებულმა დაჯგუფებამ განახორციელა. აფეთქებაში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული, მათ გარეშე თავდასხმა ვერ განხორციელდებოდა".

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე - "უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები".

11 აპრილს შრი-ლანკის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის ინფორმაციით, საგარეო სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

სადაზვერვოს 11 აპრილის ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ გამომძიებელმა პრიალალ დასანაიაკენმა აღნიშნა, რომ რადიკალი ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათი გეგმავდა თავდასხმას.

პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენის განცხადებით, საერთაშორისო კავშირების გამოსააშკარავებლად შრი-ლანკა საგარეო დახმარებას მიმართავს.

21 აპრილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თავდასხმის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ "ტერორისტული დაჯგუფებები" შრი-ლანკაში ახალ შესაძლო თავდასხმას აანონსებდნენ და სამიზნედ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ კვირას აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.

საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, 24 ადამიანი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა.

კომენტარები