ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი: ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

პარლამენტის პრესსამსახური

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აპრილს პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ამ დროისთვის ვერ ხედავს.

"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსნებთ, რომ მაჭავარიანმა მოსმენისას განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება საბანკო რეგულაციებისადმი შედარებით უფრო რბილია, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის.

“ძირითადად, ეროვნულ ბანკთან გვაქვს აბსოლუტური თანხმობა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება, ეს არის ნორმალური და გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა გინდა გითხრათ ჩემი და ბატონი კობას მიდგომებს შორის? ის ამბობს, 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ” - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

პასუხად, გიგა ბოკერიამ მაჭავარიანს უთხრა, რომ მთავრობა მოსახლეობას ბავშვებივით უყურებს, რაზეც მაჭავარიანმა მიუგო, რომ "თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს და უფრო მეტს ნერვიულობს".

კომენტარები