17 მაისი

დავითიანნი: სუხიშვილები 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტზე იცეკვებენ

სუხიშვილები 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტზე იცეკვებენ. 

ინფორმაციას მოძრაობა დავითიანნი ავრცელებს, რომლებიც ამ დღის მსვლელობას ორგანიზებას უწევენ. 

ტაბულა სუხიშვილებთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, გვითხრეს, ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი საქართველოში არ იმყოფება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ზარებს არ პასუხობს. 

ღონისძიებაში მონაწილეთა ჩამონათვალში ასევე წერია მომღერალი ნინო ქათამაძეც. 

დავითიანნში ტაბულას უთხრეს, რომ "ნინო ქათამაძის მოთხოვნა, რომ მისთვის აკომპანიმენტი ნიკოლოზ რაჭველს გაეწია და ახლა მოლაპარაკებები სწორედ რაჭველთან მიმდინარეობს". 

თუმცა, on.ge-ს ქათამაძის პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ უთხრა, რომ მომღერალი 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეზე" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. 

კარტოზიამ გამოცემას დაუდასტურა, რომ ქათამაძემ მსგავსი შემოთავაზება საპატრიარქოსგან მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.

დავითიანნის ცნობით, გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობენ შვიდკაცა, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწერა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

დავითიანნი აცხადებს, რომ "პატრიარქმა ეს დღე ლგბტ მოძრაობისგან თავის დასაცავად დააარსა, ოჯახის სიწმინდის დღეს კი უნდა იქნეს გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ნება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ორი დაქორწინებული მამრის ან მდედრის".

ლგბტ აქტივისტი, გიორგი თაბაგარი ამ ღონისძების პასუხად ამბობს:

"უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!". 

კომენტარები