სამხედრო შეიარაღება

რუსეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოს პირველ ხუთეულში აღარაა

A.Kondratyev

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ხარჯებია ასახული. აშშ 649 მილიარდი დოლარით ლიდერობს, ხოლო რუსეთი 61.4 მილიარდი დოლარით პირველ ხუთეულში აღარ შედის.

2006 წლის შემდეგ რუსეთი პირველად მე-6 ადგილს იკავებს, 2017 წელთან შედარებით სამხედრო ხარჯი 3.5%-ით შემცირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაღმასვლის მიუხედავად, 2009 წელთან შედარებით ეს თანხა 27%-ით არის გაზრდილი.

2018 წელს მსოფლიოში თავდაცვის სფეროში გაღებული ხარჯების რაოდენობა ჯამში 1.8 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც 1988 წლის შემდეგ ყველაზე დიდი თანხაა (შენიშვნა: 1991 წლის გამოკლებით, ამ წლის საერთო ხარჯი უცნობია, რადგან ამ წელს საბჭოთა კავშირის ხარჯზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო).

პირველი 5 ქვეყანა ჯამში მთლიანი თანხის 60%-ს ხარჯავს. ხუთეულში შედის - აშშ (649 მილიარდი აშშ დოლარი), ჩინეთი (250 მილიარდი აშშ დოლარი), საუდის არაბეთი (67.6 მილიარდი აშშ დოლარი), ინდოეთი (66.5 მილიარდი აშშ დოლარი) და საფრანგეთი (63.8 მილიარდი აშშ დოლარი).

2010 წლის შემდეგ წელს აშშ-ში სამხედრო დანახარჯი 4.6%-ით პირველად გაიზარდა, აშშ-ს სამხედრო ხარჯი მსოფლიოს მთლიანი სამხედრო ხარჯის 36%-ია.

თავდაცვის სფეროში ჩინეთის დანახარჯი უკვე 24-ე წელია, რაც იზრდება. თუმცა 2018 წლის 5%-იანი ზრდა 1995 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. ჩინეთი სამხედრო ხარჯის ზრდას ეკონომიკურ ზრდას აბამს. ჩინეთის ეკონომიკა 2018 წელს 28 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ზრდით გამოირჩეოდა.

ანგარიშის ინფორმაციით, მსოფლიოს 15 ქვეყანა მსოფლიო სამხედრო ხარჯების 81%-ს ხარჯავს.

ქვეყნების წილი მსოფლიო სამხედრო დანახარჯში (%-ები).
ფოტო: SIPRI, 2019

15 ყველაზე დიდი მხარჯველიდან 7 NATO-ს წევრია და მთლიანად მსოფლიო ხარჯის 48% მოდის მათზე (აშშ, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია, კანადა, თურქეთი). NATO-ს ყველა წევრის ხარჯი 963 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წელს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სამხედრო ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, პოლონეთში 8.9%-ით (11.6 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო უკრაინაში 21%-ით გაიზარდა (4.8 მილიარდი აშშ დოლარი); ხარჯები გაზრდილია ბულგარეთში, ლატვიაში, ლიტვასა და რუმინეთში (საშუალოდ 18%-დან 24%-მდე).

"ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ზრდა გამოწვეულია რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან," - აღნიშნა სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა პიტერ ვეზემანმა.

 

კომენტარები