12 მაისი

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის სწრაფად დასაწესებლად რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ტაბულა

8 მაისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. გადაწყვეტილება 6 მაისის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

"მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თაობაზე, ორი საკითხი იქნება განსახილველი - 1. შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საქმე ეხება 12 მაისის სტატუსის განსაზღვრას. ხოლო მეორე - სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ" - თქვა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით დაკონკრეტდება, რომ 12 მაისი  "ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ" გამოცხადდება და ის უქმე დღე იქნება. ახალი დღესასწაულის დაწესების ინიციატივა სპატრიარქოს ეკუთვნის, რაც მთავრობამ გაიზიარა. სწორედ საქართველოს მთავრობამ მიმართა პარლამენტს, დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია. 

კომენტარები