სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის უფროსის მოადგილედ შევარდნაძის ძალოვანი უწყებების ჩინოვნიკი ფიცხელაური დაინიშნა

შენგელი ფიცხელაური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, მოადგილედ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდის ჩინოვნიკი შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. 

ინფორმაცია ამის შესახებ სუს-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. იქვე წერია, რომ ფიცხელაური ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლის პოსტს იკავებდა. 

შენგელი ფიცხელაური 1946 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ის შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მისი კარიერა 1976 წელს დაიწყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორად დაინიშნა. 1977 წლიდან 1980 წლამდე ის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო. 1980 წლიდან 1983 წლამდე ფიცხელაური კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი იყო. 198-85 წლებში ახმეტის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1985-91 წლებში შს სამმართველოს საგამოძიებოს განყოფილების უფროსი იყო. 

1991 წლიდან 1997 წლამდე შენგელი ფიცხელაური იუსტიციის სამინისტროს ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 1997-02 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

2002 წლიდან 2004 წლამდე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის დეპარტამენტის უფროსი იყო, რის შემდეგაც 2019 წლამდე მისი ბიოგრაფიის კარიერის ნაწილი არ იძებნება. 

როგორც სუს-ის ვებგვერდზე მითითებული, ფიცხელაური გახარიას მრჩევლად 2019 წლის 22 იანვარს დაინიშნა. 

კომენტარები