მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ადვოკატი: მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი არ არსებობს

რუსთავი 2

მაჩალიკაშვილების ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, ამბობს, რომ იმ მასალებიდან გამომდინარე, რომლებიც ნახა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების საფუძველი არ არსებობს. ის დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

"მორის მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაკითხული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2018 წლის ზაფხულში დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. საქმე არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, რომ ვისაუბრო საქმის დეტალებზე. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა. ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი დააკავონ არ არსებობს და არც იარსებებს."- უთხრა მან ჟურნალისტებს. 

კუბლაშვილის თქმით, ასევე არ არსებობს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი. 

"ცხადია არ არსებობს არათუ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებების არანაირი საფუძველი, არამედ მორის მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი, კითხვებიდან და მასალებიდან გამომდინარე." 

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა მორის მაჩალიკაშვილმა დატოვა სუს-ის შენობა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა იგი ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

დაკითხვაზე ასევე დაბარებული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვისაც სუს-ის ტერორისტული აქტის მომზადებასა და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, თუმცა მაჩალიკაშვილი არ გამოცხადდა. კუბლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილის არგამოცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რადგან დაკითხვისას მისთვის მედიკამენტების მიწოდება ვერ მოხერხდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, სახელმწიფო მის გასანადგურებლად ყველა მეთოდს იყენებს.

კომენტარები