პრემიერი ქობულიას გადაყენებაზე: იყო აცდენა ხედვებში და მიდგომებში

საქართველოს პარლამენტი

"იყო აცდენა, ხედვებში, მიდგომებში," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადაყენების მიზეზებზე საუბრობს. ბახტაძე ამბობს, რომ აუცილებელია, მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰქონდეს სოციალური რეალობის ზუსტი აღქმა. 

"მე მოვუსმინე ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, ბუნებრივია იყო აცდენა, ხედვებში, მიდგომებში. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის მთავრობაში, ჰქონდეს ზუსტი აღქმა ჩვენი დღევანდელი სოციალური რეალობის. გიორგი ქობულია არის თავისი საქმის პროფესიონალი, რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას, ამ დარგების განვითარების სტრატეგიის შემუშავება მან შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მისი პოზიციაც იყო, რომ ის გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის დახურული, ჩვენს გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა, ჩვენგან მოსახლეობა ელის სწრაფ შედეგებს, ჩვენს გვაქვს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამის შესრულებას," - ამბობს პრემიერი. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. ქობულია ამბობდა, რომ ის ტანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. გადაყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თქვა, რომ საკუთარი ნებით არ წასულა და გადააყენეს. გადაყენების მიზეზად ქობულია მასსა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებდა.

კომენტარები