არჩევნები 2019

შენგელია: რულოვსმა გადაწყვიტა, მოქალაქეებს ამოეფაროს, ის ხალხის დაპირისპირებას ცდილობს

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს სანდრა რულოვსს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს. შენგელიამ რულოვსი დებატებში რამდენიმე დღის წინაც  ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ენმ-ის კანდიდატს ოპონენტთან "ღია დებატები" განმუხურის ამფითეატრში სურს.

"ოცნების კანდიდატს ვთავაზობ გავმართოთ ღია საუბარი ხალხთან, ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აი აქ ამ გაჭირვებულ ამფითეატრში, სადაც ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში. გამოთქვამენ თავის წუხილებს და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია!", - ამბობს რულოვსი ვიდემიმართვაში.


ქართული ოცნების კანდიდატის თქმით კი, სანდრა რულოვსი ხალხის დაპირისპირებას ცდილობს, რასაც თავად არ დაუშვებს.

"ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი განაცხადა ჩემთან ერთად ჩართვაზე, ხოლო შემდეგ, მე მას შევთავაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი ოპონენტი გაურბის ჩემთან პირისპირ საქმიან დისკუსიას და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს. ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას.

მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ. მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.

პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას. ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”,
- აცხადებს გიორგი შენგელია.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები