კრიმინალი

კახეთში 4 პირის მკვლელობის იარაღის უკანონო შენახვისთვის ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს

shutterstock

კახეთში, სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის შვილიშვილიც დააკავეს. მას იმ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ადგილზე სროლა ორი იარაღიდან განხორციელდა, თუმცა ამოღებულია მხოლოდ ერთი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს. გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი", - ამბობენ უწყებაში.

გარდა ამისა, შსს-ს თქმით, ოჯახის წევრებმა ჩვენებებში თქვეს, რომ ბრალდებულის მეორე შვილმა 1 მაისს მათ უთხრა, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა საზღვარი არ გადაუკვეთია. 

"რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ამჟამად ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას", - აღნიშნავენ უწყებაში.

კახეთში 4 ადამიანი 3 მაისს მოკლედ. ბრალდებული 85 წლის კაცია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, შვილი და რძალი, შემდეგ კი დასახმარებლად მისული ორი მეზობელი (დედა-შვილი) მოკლა.

კომენტარები