უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი

"42-ე მუხლი" იურისტებს უზენაესის მოსამართლის კონკურსზე განაცხადის შეტანისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსზე განაცხადის შეტანისკენ მოუწოდებს. 

კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადებით, მართალია, რომ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატთა შერჩევის პროცესის მიმართ სამართლიანი ნიჰილიზმი არსებობს, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. 

"თუმცა, ამავე დროს ხაგასასმელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლი და მნიშვნელობა ქართულ მართლმსაჯულებაში; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს კანდიდატთა მაღალი მონაწილეობით, გამჭვირვალე პროცესის შედეგად, რათა ეს პროცესი არ დარჩეს კვლავ ერთ, დაინტერესებულ პირთა წრის ხელში. 

ამ ფონზე 42-ე მუხლი, რომლის უმთავრეს მიზანსა და საქმიანობის სფეროს, დაფუძნების დღიდან წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება, აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე პროცესმა არ უნდა ჩაიაროს პროფესიული წრეების აქტიური მონაწილეობის გარეშე. პირიქით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ პირთა სტანდარტი და მინიმუმადე დავიდეს ამ პროცესში არსებული კანონმდებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატი განიხილებოდეს ვაკანტურ თანამდებობაზე. 

ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა პრაქტიკოს იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში. 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კანონმდებლობის ფარგლებში დააკვირდება კანდიდატთა შერჩევის პროცესს, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში,"- წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

10 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო. 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის და ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას. 

კომენტარები