მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: მაჩალიკაშვილი ძალიან ბევრს იტყუება, თავის ოჯახსაც ატყუებს

0 კომენტარი
ფოტო: სუს

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, რომელიც 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამ თანამდებობას იკავებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან ბევრს იტყუება და მათ შორის, საკუთარ ოჯახს ატყუებს. 

გოგაშვილმა ამის შესახებ 13 მაისს ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"მე მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრს იტყუება. ის თავის ოჯახსაც ატყუებს. ბევრ რამეს უმალავს თავის საკუთარ ოჯახს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იტყუებოდა თავიდან, როცა ამბობდა, რომ შეეშალათ სახლი და სხვაგან შევიდნენ და მე მოგიყევით, რომ ეს იყო სასამართლოს განჩინებით. სასამართლო განჩინება თუ მაჩალიკაშვილ თემირლანზე იყო, სახლი როგორ შეგვეშალა. შემდეგ ჩემს გარეგნობას აღწერდნენ ისე, რომ მე არ მინდა გავიმეორო მათი სიტყვები, როგორ მახასიათებდნენ მე გარეგნულად, როგორი აღწერილობა იყო ჩემი. როგორც დღე და ღამე, ისე განსხვავდება ის, რასაც ამბობენ და ის, როგორიც რეალურად ვარ,"- ამბობს გოგაშვილი. 

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იმ სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და თქვა, რომ მისი ლიკვიდაციის არანაირი საჭიროება არ იყო. მისი თქმით, თემირლანი ახლა ციხეში დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად იჯდებოდა. 

"მაგრამ თემირლანი არ მოხვდებოდა იმ დაჯგუფებაში, რომელ დაჯგუფებაშიც იყო, რომ არა ის რეკრუტერები, დაეშის წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე იქ აგიტაციას უწევდნენ იქაურ ახალგაზრდა ბიჭებს და ძალიან ბევრი დაღუპეს,"- ამბობს გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილი ამ ნაწილში მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ მან გააცნო შვილს ჩატაევის დაჯგუფების წევრები. 

"რომ ამბობენ ახლა, არ იცნობდა ის ჩატაევსო. ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც გადმოვიდა ჩატაევი, პირველი თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა მობილურით და თემირლანმა მერე მამას დაურეკა. მე რომ ვიძახი, რომ რაღაც-რაღაცებს მალავს და არ ეუბნება არც საზოგადოებას და მითუმეტეს თავის ოჯახსაც, ჯერ თვალებში ჩახედოს თავის ოჯახს, შემდეგ ყურანზე დაიფიცოს, თუ მართლმორწმუნე მუსლიმია, რომ მე იქ ვიყავი, მე იქ დამინახა და დაამტკიცოს ეს და მე დავამტკიცებ საკუთარ სიმართლეს,"- ამბობს გოგაშვილი. 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდება. 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარავში უწყვეტ აქციებს მართავდა მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები