არჩვენები 2019

ჩუგოშვილი: ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება, ამიტომ ცდილობენ დაძაბულობის შემოტანას

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, 19 მაისის არჩევნების დროს განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ. ჩუგოშვილის შეფასებით, ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება.

"გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ. ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ქალაქ ზუგდიდში, სხვადასხვა რეგიონიდან 5000 აქტივისტის მობილიზება ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია სწორედ ამ ადგილას იგეგმება.

ჩვენთვის ეს დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს" - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების საერთაშორისო მდივნის თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

"ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება" - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. რუსთავი 2-ის კადრებში ჩანს, როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად. ფოტოგრაფზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამასთან, გუშინ ღამე ხმაური იყო ზუგდიდი საოლქო საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვდა. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომის გარდა, ასევე ითხოვდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაეგზავნა. 

ოპოზიციის ბრალდებას დღეს უპასუხა ცესკომ და განაცხადა, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ. ამასთან, დამატებითი ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის" - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

19 მაისს ზუგდიდსა და რამდენიმე სხვა ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება.

კომენტარები