თამარ ჩუგოშვილი

ჩუგოშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარიცხვაზე: გადაიაროს არჩევნებმა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებიან. ასე უპასუხა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, დააყენა თუ არა პარტიაში თაზო ფაცაციას გარიცხვის საკითხი, რომელმაც რომელმაც ენმ-ს წევრი ქალების მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს მივუბრუნდებით, გადაიაროს არჩევნებმა. ძალიან დაძაბული ვითარებაა ახლა ზუგდიდში, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩანს ეკრანებიდან. შესაბამისად, ალბათ ამაზე საუბრის დროც მოვა", - თქვა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოლეგა ქალებს მხარდაჭერას უცხადებს, მიუხედავად იმისა, ვინ არის სიტყვების ავტორი.

"სრულიად მიუღებელია ჩემთვის ის კომენტარი, რომელიც დაიწერა. როგორც წესი, ქალები ხდებიან ხოლმე ასეთი ტექსტების სამიზნე. მე თვითონაც გავმხდარვარ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან და სხვათაშორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ქალებს, მაშინ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ასეთი მხარდაჭერა არ მიმიღია, როცა გავმხდარვარ სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი, კომენტარების ობიექტი. მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა ჩემი ქალი კოლეგის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის და ვინ არის ავტორი, ასეთი რამ არის სრულიად მიუღებელი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ჭიდილი არ ნიშნავს ყველანაირი ზღვარის წაშლას აბსოლუტურად და თავზე ხელის აღებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ფეისბუქზე გამოიყენა.

"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში"დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ.

სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, ეს პოსტი წაიშალა. თუმცა, ფაცაციას ფეისბუქზე კვლავ რჩება ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის მიმართ გამოყენებული სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბოდიში მოიხადა. თაზო ფაცაციამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ენმ-ს "პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების" გამო აღშფოთებული იყო და მიუღებელი სტატუსი გამოაქვეყნა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები