ბრექსითი

მეისა და ლეიბორისტულ პარტიას შორის ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

0 კომენტარი
ტერეზა მეი / ჯერემი კორბინი ფოტო: PA

ტერეზა მეისა და ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას შორის ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა მეის მისწერა "იქამდე მივედით, სადამდეც შეგვეძლო." კორბინის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბრექსითის საკითხზე კომპრომისის გამონახვას ხელი საერთო პოზიციის არარსებობამ შეუშალა და ასევე იმან, რომ პარტიაში არსებობს კითხვები იმის თაობაზე, სცემს თუ არა პატივს შეთანხმებას მეის შემცვლელი.

მეის ამის მიზეზად ლეიბორისტულ პარტიაში მეორე რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებულ განხეთქილებას ასახელებს.

"ვერ შევძელით დაგვეძლია ის ფაქტი, რომ ლეიბორისტულ პარტიაში არ არის საერთო პოზიცია იმის თაობაზე, ბრექსითის სისრულეში მოყვანა სურთ, თუ ხელახალი რეფერენდუმი პროცესების შესაბრუნებლად." თქვა მეიმ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი პარლამენტს ევროკავშირიდან გასვლის გეგმას ხელახლა წარუდგენს. კენჭისყრა ივნისის პირველ კვირას შედგება.

მთავრობის სპიკერის თქმით ეს მნიშვნელოვანია, რათა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება ზაფხულში საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე მოახერხოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც მეის პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უკვე თქვა, რომ გეგმას მხარს არ დაუჭერს.

მათი ნაწილი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ნაწილს კი მიაჩნია რომ გეგმას მეტად განახლება სჭირდება და წინა გეგმაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს მას შემდეგ, რაც ბრექსითის პროცესს დაასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები