ზუგდიდის მერის არჩევნები

შენგელია: ზუგდიდში "ოცნება" არჩევნების მოგებას კვლავ მასწავლებლების დაშინებით ცდილობს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად კვლავ მასწავლებლებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების დაშინებას ცდილობს. 

ამის შესახებ გარდაცვლილი კერზაიას შვილმა Facebook-ზე პოსტი დღეს, 17 მაისს დაწერა. 

"დაიწყო გაყალბების უპრეცედენტო (ან ჩვეული) კამპანია და ისევ სკოლის დირექტორების და პედაგოგების ზეწოლისა და დაშინების გზით ზუგდიდში. სოფელ კორცხელში პედაგოგებს მოსთხოვეს ბიულეტენის უკანა მხარეს მიაწერონ "მე მიყვარს საქართველო", ხოლო "ქართული ოცნებისთვის" განსაკუთრებით არასანდოებს სთხოვენ, სახელ-გვარის ინიციალების მიწერას. არაერთ სკოლაში პედაგოგებს დაავალეს, ფოტო გადაუღონ ბიულეტენს, რომელშიც 41 იქნება შემოხაზული,"- წერს შენგელია. 

ბაჩანა შენგელიამ ამ საკითხზე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში უფრო ვრცლად ისაუბრა. კერძოდ, გარდაცვლილი კერზაიას შვილი ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის გამგებელმა, მერაბ თოდრიამ, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და ბაგა-ბაღების აღმზრდელები დაიბარა და მათ პირდაპირ მოუწოდა, რომ არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დაეფიქსირებინათ.

შენგელია ამბობს, რომ წყაროს კონფიდენციალურია, რადგან ამ ადამიანს საკუთარი ვინაობის გამჟღავნების ეშინია. ის ასევე ყვება, რომ კორცხელი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. მისი ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში დაშინების ან/და მოსყიდვის ფონზე ამომრჩეველს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას აიძულებენ. 

ბაჩანა შენგელია ერთადერთი არ არის, ვინც ზუგდიდში რეპრესიულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომები ხმაურის ფონზე რამდენიმე დღეა ტარდება. ოპოზიცია კომისიას მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობასა და არჩევნების გაყალბების მცდელობებში ადანაშაულებს. 14 მაისს კი ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ტარდება. ენმ-ის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსია, ქართული ოცნების კანდიდატი კი - გიორგი შენგელია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები