ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. 27% თვლის, რომ მზად არის, 14%-მა კი არ იცის.
კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა უშლის საქართველოს ხელს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს?" 36% საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს ასახელებს, 20% - რუსეთს, 15% - დემოკრატიის ნაკლებობას, 14% კი - განუვითარებელ ეკონომიკას.
ასევე, 11-11% პასუხობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური ნების ნაკლებობა" და "ნაკლებად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება" უშლის.
10-10% "საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობასა" და "ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას" ასახელებს.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი.
მოსახლეობის 13%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 10%-ს ამბობს, რომ არ იცის.
კონკრეტულად თბილისში ეს მაჩვენებელი არ იცვლება, ხოლო დიდ ქალაქებში 78%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა მისაღებია. შესაბამისად, 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია.
პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი შემდეგნაირია: 80% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია, 10%-ისთვის მიუღებელია, კიდევ 10%-ს კი პასუხი არ აქვს.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრობის სურვილისა სოფლებში დაფიქსირდა, სადაც 82% ამბობს, რომ მათთვის ევროკავშირის წევრობის მიზანი მისაღებია. 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, ხოლო 6%-მა არ იცის.
ეთნიკურად სომხურ მოსახლეობაში ეს რიცხვი 68%-ია (მიუღებელია - 17%), ხოლო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში - 54% (მიუღებელია - 14%).
იმ 77%-დან, ვინც ამბობს, რომ მათთვის ეს მიზანი მისაღებია, 73%-ისთვის სრულად მისაღებია, ხოლო 26%-ისთვის ნაწილობრივ.
ხოლო, იმ 13%-დან, ვინც ამბობს, რომ მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, 53%-ისთვის სრულად მიუღებელია, 40%-ისთვის კი - ნაწილობრივ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).