უკრაინა

ზელენსკი: ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს თქვა, რომ მათ ომი არ დაუწყიათ, თუმცა უნდა დაასრულონ.

"ისტორია უსამართლოა - ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ."

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ის  მზად არის დიალოგისთვის და ეს დიალოგი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი დაიწყება ყველა უკრაინელი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით. ჩვენი შემდეგი გამოწვევაა, თუ როგორ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც დავკარგეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ფორმულირება არ არის სწორი, შენ ვერ დაკარგავ იმას, რაც შენია და ლეგიტიმურად შენ გეკუთვნის. ყირიმი და დონბასი უკრაინაა".

მან ასევე ისაუბრა ყირიმსა და დონბასში მყოფ უკრაინელებზე და მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე - "ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიები დავკარგეთ, არამედ რაც ყველზე მნიშვნელოვანია - ხალხი. ჩვენ დღეს ვალდებულები ვართ, მათი გონება დავიბრუნოთ... ისინი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, რადგან უკრაინელები არიან".

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოიგო და უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა. უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

კომენტარები