არჩევნები 2019

კაპანაძე: ივანიშვილი მხარდამჭერებს კარგავს, ის არის დამარცხებადი

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

სერგი კაპანაძის თქმით, 2019 წლის 19 მაისს ჩატარებული არჩევნები, ისევე როგორც წინა არჩევნები, მძიმე იყო და უამრავი დარღვევით გამოირჩეოდა. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ არჩევნების გაყალბება ნაკლებად ხდება არჩევნების დღეს, მთავარი დარღვევები სწორედ არჩევნების დღემდე ვლინდება - დაშინება, მოსყიდვა, ნების კონტროლი, საჯარო სამსახურით, მათ შორის სოციალური დახმარებებით მანიპულირება, კრიმინალური ავტორიტეტებით სარგებლობა. 

კაპანაძე ამბობს, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ივანიშვილი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს. 

"ასევე, იყენებენ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებს სხვადასხვა მიმართულებით, ან ჰპირდებიან რაღაცას ამომრჩეველს, ან ემუქრებიან. ეს ყველაფერი ხდებოდა მთაწმინდაზეც, ისევე, როგორც ზუგდიდში, მარნეულში, ჭიათურაში და სხვაგან. ეს ხდება 2013 წელს, 2014-ში, 2016-ში, 2017-ში, 2018-ში და ახლაც. 

მიუხედავად ამისა, ივანიშვილი მხარდამჭერების რაოდენობას მაინც კარგავს.

2018 წელმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მომხრეების რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ მოწინააღმდეგეების რაოდენობა გავიდა მილიონზე, მაშინ, როცა 2013-ში ეს იყო სამჯერ ნაკლები. 2019-მა წელმა კი აჩვენა, რომ თბილისის ცენტრში, რომელიც ქართული ოცნების დასაყრდენი იყო ყოველთვის, მათ ვერ მოიგეს არჩევნები პირველივე ტურში და არის მეორე ტური. 

ამიტომ, ნებისმიერი შემდეგი არჩევნები არის მისი კიდევ დასუსტება. ჩემი აზრით, გარდაუვალია, რომ 2020-ში ის დამარცხდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მთაწმინდის არჩევნების პირველი ტურის, ისევე როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვების პირველი ტურის მთავრი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ივანიშვილი კარგავს მხარდამჭერებს და ის არის დამარცხებადი. ყველაზე მთავარი მოკავშირე ივანიშვილის ამ პროცესში არის საზოგადოებრივი ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ. ისინი ხვეწენ მეთოდებს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შეწინააღმდეგება", - თქვა სერგი კაპანაძემ.

19 მაისს საქართველოს რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში მერის, თბილისში, მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნები ჩატარდა. მხოლოდ მთაწმინდაზე გაიმართება მეორე ტური. აქ ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი, ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები