საქართველო-აშშ

იზორია: აშშ-თან 3-წლიანი შეთანხმების ხელმოწერით ქვეყანა მზად იქნება NATO-ში გასაწევრიანებლად

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველო და აშშ ხელს მოაწერენ თავდაცვის სფეროში ჩარჩო შეთანხმებას, რაც მომავალი სამი წლისთვის ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ასპექტებს განსაზღვრავს და კიდევ უფრო დაუახლოვდება NATO-ს. ამის შესახებ იზორიამ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ჯონ რუდთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და მისი NATO-ს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერის და თანადგომის შემდგომში გაგრძელების აუცილებლობა და აქ გვაქს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ წელს, შემოდგომაზე ხელი უნდა მოვაწეროთ თავდაცვის სფეროში ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც შემდგომი სამი წლისთვის განსაზღვრავს ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს თავდაცვის სფეროში. ეს მოგვცემს საფუძველს იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს NATO-ს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება NATO-ში გასაწევრიანებლად," - აღნიშნა მინსტრმა.

იზორიამ ასევე თქვა, რომ მათ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ეროვნული სწავლებების ფორმატისა და გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"პენტაგონში შეხვედრის ფარგლებში ხაზი გავუსვით ჩვენ ორ ქვეყანას შორის უპრეცენდენტო თანამშრომლობის დინამიკას. განსაკუთრებით აღვნიშნეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება. ვიმსჯელეთ საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე. ასევე დავგეგმეთ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ეროვნული სწავლებების ფორმატის და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობა," - თქვა იზორიამ.

 

 

კომენტარები