ევროპარლამენტის არჩევნები

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ლე პენის პარტიამ მაკრონის ალიანსი დაამარცხა

0 კომენტარი
მარინ ლე პენი ფოტო: Reuters

გუშინ ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები ლიდერობენ, 2014 წლის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა.

საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა რენესანსის ალიანსმა ხმათა 22.5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, მარინ ლე პენმა და მისმა ულტრა-მემარჯვენე ანტი-საიმიგრაციო პარტიამ 24%.

ნაციონალისტური პარტიები ლიდერობენ იტალიაშიც. ულტრა მემარჯვენე "ჩრდილოეთის ლიგის" პარტიამ მიღებული 34%-ით 28 ადგილი მოიპოვა.

უნგრეთში ვიკტორ ორბანის პარტიამ 52% და ქვეყნის 21 ადგილიდან 13 მიიღო. მისი თქმით ეს არჩევნები "მიგრაციის წინააღმდეგ ახალი ერის დასაწყისია."

ჯამში პოპულისტურმა და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა 58 ადგილის მოპოვება შეძლეს, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 18-ით მეტია, ხოლო თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფმა, რომელშიც ბრექსითის პარტიაც შედის მოსალოდნელზე მეტი, 56 ადგილი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. 2014 წელს არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 43% გამოცხადდა, წელს კი საშუალო მაჩვენებელი 51% იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა დანიაში დაფიქსირდა სადაც ამომრჩეველთა 63%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობა გაორმაგდა უნგრეთსა და პოლონეთში.

ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები