ფოთის ნავსადგური

თურნავა: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია

კომერსანტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.

მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

"დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან", – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

"ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300  მილიონლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა" - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავა ამბობს, რომ პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

"გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, და კონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს",- თქვა თურნავამ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

კომენტარები