ფოთის ნავსადგური

ოლბრაიტი: ფოთის ნავსადგური საქართველო-აშშ-ს პარტნიორობისა და ერთგულების დემონსტრაციაა

მადლენ ოლბრაიტი
nbcnews.com

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი, მადლენ ოლბრაიტი ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას წერილით გამოეხმაურა, რომელშიც წერს, რომ  ნავსადგურის პროექტი საქართველო-აშშ-ს პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა.

"ვულოცავ საქართველოს მთავრობას, პეის ჯგუფსა და აშშ-ს განვითარების კორპორაციას ახალი ნავსადგურის გახსნას, რაც საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება. 

საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში, ახლა ზეწოლას განიცდის. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას   მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის". – წერს ოლბრაიტი.

29 იანვარს ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა, რომლის ღირებულება 120 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციისა (DFC) და პეის ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. 

კომენტარები