ქუთაისის საკრებულო

"საკრებულოს სირცხვილია!"- ქუთაისში ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: გვანცა ლუკავა

ქუთაისის საკრებულოსთან "ოცნების" წევრის ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია საკრებულოს წევრის იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს. მათი თქმით, ნანა კოსტავამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

"დატოვოს თანამდებობა ნანა კოსტავამ!", "კოსტავა საკრებულოს სირცხვილი!", "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე! - ამ და მსგავსი წარწერებით აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს. 

ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დღეს, 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ. 

ცნობისთვის, წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 

2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები