ხორავას ქუჩის საქმე

სასამართლო: არსებობდა მიხეილ კალანდიას მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე".

სასამართლოს განცხადებით, სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. სანაცვლოდ, ოცნებამ მიიღო დადგენილება, რომელიც არ წარმოადგენდა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

"ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე... გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ" - წერია დოკუმენტში.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად. ამ გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის. გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული. პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები