ოქროს სიის გაუქმება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა: "ოქროს სიის" გაუქმება ერთჯერადი გამოსავალია, ბიზნესს დააზიანებს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/pg/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ე.წ. "ოქროს სია" გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

ICC Georgia ამბობს, რომ ცვლილება გასაიდუმლოებული იყო და იმპორტიორებისთვის მხოლოდ 12 დღის მიცემა, რათა ფეხი აუწყონ და გაითვალისწინონ ახალი პირობები, კომპანიებში მძიმე ფინანსურ დაბრკოლებებს და პრობლემებს წარმოქმნის.

ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებით, მათ ფაქტებზე დაყრდნობით იციან, რომ "ოქროს სიაში" შემავალი ბევრი კომპანია ვერ შეძლებს საჭირო ფინანსების მოძიებას და ხარჯების დაფარვას 5 დღის განმავლობაში, რაც თავისთავად შეანელებს ან საერთოდაც შეაჩერებს მათ ოპერაციებს.

"ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება და ერთჯერადი გამოსავალი პრობლემის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ბიზნეს კლიმატს და მნიშვნელოვნად დააზარალებს ოქროს სიაში მყოფ ბიზნესებს; თავიანთი არაპროფესიონალიზმის გასამართლებლად გამოყენებული კომუნისტური არგუმენტი ფინანსთა მინისტრის მიერ, თითქოს კომპანიებს ამ ცვლილებებით პირობები გაუთანაბრდებათ, იმას ნიშნავს, რომ თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი, რომელიც კლავს მშობლებს, ფულის ასაღებად, რათა შეიძინოს ნარკოტიკების ერთი დოზა", - ამბობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს მთავრობას დაუყონებლივ გააუქმოს მიღებული ცვლილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის დაზარალება.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება. სიაში 170-ზე მეტი კომპანიაა.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები