არჩევნები 2019

ცესკო-ში ადასტურებენ, რომ პირველი ტურიდან მეორემდე გადასატანი ყუთების რაოდენობა გაიზარდა

0 კომენტარი

​ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მთაწმინდაზე მეორე ტურისთვის გადასატანი ყუთების რაოდენობა გაიზარდა.

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ევროპულმა საქართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ სიაში, რომელშიც მხოლოდ ის ამომრჩევლები არიან, რომლებიც გადასატან ყუთს საჭიროებენ, ცესკომ ისეთი ამომრჩევლებიც დაარეგისტრირა, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ.

"დაახლოებით 200 ადამიანით, შეიძლება უფრო მეტით გაზრდილია სია, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2%-ც კი არ არის და თუ მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი არაა, ეს არ არის კანონმდებლობის დარღვევა", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მანვე განმარტა, რომ თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში, რომც მივიდეს საარჩევნო უბანზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მან ხმა აუცილებლად გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს.

ანა მიქელაძემ ისაუბრა ხვალ, 9 ივნისს დაგეგმილი არჩევნებისთვის მზადყოფნაზეც და აღნიშნა, რომ 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი, სრულ მზადყოფნაშია.

მისი განმარტებით, არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

9 ივნისს, დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ უწყებას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

"ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას", - თქვა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ხვალ, 9 ივნისს გაიმართება, სადაც ორი კანდიდატი მონაწილეობს #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები