გიორგი ქობულია

ქობულია: არაერთხელ მქონდა განცდა, რომ ქვეყანა მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლია

0 კომენტარი
ფოტო: პალიტრა

გიორგი ქობულიას თქმით, მინისტრობის დროს არაერთხელ ჰქონდა განცდა, რომ ქვეყანა ნაწილობრივ მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლია. 

ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ პალიტრის ეთერში ისაუბრა. 

"ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში, დიახ, არაერთხელ მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ნაწილობრივ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების, რაც ხელს გვიშლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სრული პოტენციალი ავითვისოთ. პრინციპში, ეს არის ჩემი ხედვა. მე ამ ხედვის მიტანა ვცადე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან და მე ეს არ გამომივიდა. ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის სრული პოტენციალის რეალიზაცია გავაკეთოთ, რომელიც საკმაოდ დიდია, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მიკერძოებული გარემოებები, არაფორმალური გარიგებები, რომელიც ძალიან ხშირად ხდება.

რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მოვერიოთ ძალიან ფართოდ გავრცელებულ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, აგრეთვე ხალხს შორისაც. იკითხეთ, რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე და რას ფიქრობს მთავრობაზეც, რომ ყველა კორუმპირებულია, ყველა მიკერძოებულია. ასეთია პოზიცია და ასეთია მოსახლეობაში აღქმა პოლიტიკოსების, მმართველი ძალის". 

ქობულიამ ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, კორუფციას დავარქმევთ თუ მიკერძოებას, ეს ნიჰილიზმს იწვევს. 

"[კორუფციაზე] ამაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ამას ჩვენ კორუფციას დავარქმევთ თუ მიკერძოებულს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევა, რაც იწვევს საკმაოდ დიდ ნიჰილიზმს, როგორც მთავრობის სტრუქტურებში, ასევე მოსახლეობაში. ეს იწვევს განცდას, რომ ინიციატივა დასჯადია და თუ რამეს აკეთებ, რაღაცის ინტერესი გაქვს. 

ვლაპარაკობთ ფოთის და ანაკლიის პორტზე - მე არც ერთის მხარეს ვიხრები. ადამიანი, რომელიც მე დღეს მისმენს, იმ სტერეოტიპისგან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბდა, ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ალბათ მიკერძოებულია, რუსების ინტერესებს იცავს.. ამ სტერეოტიპს უნდა ვებრძოლოთ და მოვერიოთ როგორმე, რომ ჩამოვაყალიბოთ უფრო მაღალი დონის მორალი მოსახლეობაში, მთავრობის სტრუქტურებში", - თქვა გიორგი ქობულიამ. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა.

მოგვიანებით თავად ქობულიამ თქვა, რომ ის მთავრობიდან თავის ნებით არ წასულა გადააყენეს, რადგან მთავრობის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა ხედვების სისწორეში ვერ დაარწმუნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები