გამოხატვის თავისუფლება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოხატვის თავისუფლებაზე რეგულაციების დაწესებას გეგმავს

0 კომენტარი

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა.

საქმე იმაშია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობითაც, თუ მედია ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც ირღვევა სხვა ადამიანის უფლებები, ამ ადამიანს შეუძლია მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს.

მაგრამ არსებობს საკითხები, რაც ეხება ჟურნალისტურ ეთიკას და ამაზე არა სასამართლომ ან კომისიამ, არამედ თვითრეგულირების მექანიზმმა უნდა იმუშაოს. თვითრეგულირების მექანიზმი არის კონკრეტული მედიის შიგნით არსებული ერთობა, რომელიც შეისწავლის მისმა ჟურნალისტმა რამდენად დაარღვია სტანდარტები. გარდა ამისა, არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც ასევე განიხილავს მედია სტანდარტის დარღვევის შემთხვევებს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამას აკეთებს არა სახელმწიფო, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, მედიაზე ზეწოლის რესურსიც გააჩნია, არამედ თავად ჟურნალისტები

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კი სურს, რომ შესაძლებელი იყოს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში ან თავად კომისიაში გასაჩივრება. მაშინ, როცა კანონმდებლობა არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას ისედაც იძლევა.

"სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა რეგულირდება. დაინტერესებული პირი, თუ მის მიმართ სიძულვილის ენა გამოყენებულ იქნა, ანუ დაირღვა კანონმდებლობა, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და თუ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში", - ამბობს უწყების ხელმძღვანელი, კახა ბექაური.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან განმარტავს, რომ სიძულვილის ენა მართლაც ბევრ ქვეყანაში რეგულირდება, თუმცა გულისხმობს ისტორიულად ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების შეზღუდვას. საქართველოში კი საუბარია სრულიად სხვა რამეზე - მკაცრ, კრიტიკულ, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებაზე, რაც სიძულვილის ენის კლასიკურ განმარტებაში არ ექცევა.

"ამ ტიპის რეგულაციის შემოღება სინამდვილეში საქართველოში გამოყენებული იქნება არა იმ ჯგუფების დასაცავად, რომლებიც ხშირად არიან თავდასხმის ობიექტები, არამედ ეს იქნება ხელისუფლების და დომინანტი ჯგუფების ინსტრუმენტი, რომ მათი კრიტიკა შეიზღუდოს. თუკი ჩვენ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ შევზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას თუ ის ხელისუფლებას აღიზიანებს ან შეურაცხყოფს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხვალ დუმილის დაწესების ფორმას შეიძენს", - ამბობს მშვენიერაძე.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი კანონების მიღებას ყოველთვის ცდილობდნენ არა უმცირესობები, არამედ დომინანტი ჯგუფები და ხელისუფლებები, რათა დაეცვათ საკუთარი თავი საზოგადოებრივი კრიტიკისგან.

გიორგი მშვენიერაძე ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია იცავს არამარტო იმ აზრებს და იდეებს, რომელიც ყველასთვის მოსაწონია, არამედ იმასაც, რომელიც აღაშფოთებს, აღიზიანებს და შეიძლება შეურაცხყოფს კიდეც საზოგადოებას.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის აზრით კი, დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონი სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხებზე საკანონმდებლო გავლენას არ ითვალისწინებს და ასეთი თემები მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში განიხილება.

უწყების თქმით, ის, რომ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელია, ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების აზრით, ევრო დირექტივასთან შეუსაბამოა და საჭიროა ცვლილებები.

კომისიის ინფორმაციით, მოწვეულმა ექსპერტებმა მათ შესთავაზეს საკითხის სრულად კომისიისთვის დაქვემდებარება, თუმცა მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული მოსაზრების შემდეგ, ეს შეიცვალა.

"მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათი აზრით, თვითრეგულირების მექანიზმის გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას გაზრდის და "მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს".

"მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს", - აღნიშნავენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მოწვეულ ექსპერტებს თავადაც შეხვდნენ და მათი პოზიციები მოისმინეს.

"ექსპერტებმა მხარეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში განიხილება. საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველა ევროპულ ქვეყანაში ის აუცილებლად საჩივრდება შესაბამის მარეგულირებელ უწყებასა და სასამართლოში", - აღნიშნავენ კომისიაში.

უწყების ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინეს, თუმცა ის საკანონმდებლო ინიციატივად ამ დრომდე არ გადაუქცევიათ. კომისია ხაზს უსვამს, რომ ცვლილებები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა და ის საკანონმდებლო ორგანომ 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.

მარეგულირებელი ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს საკითხი, რომ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავს. კომისია დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის.

"აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ არის და ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრთხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია. თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს. კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, კომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად სამუშაო შეხვედრაზე იწვევენ.

უწყების განცხადებაში რამდენჯერმეა აღნიშნული, რომ კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

კომისიაში ამბობენ, რომ ამაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და Grant Thornton-ი, Analysys Mason-იPierstone-ი. მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედია ექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი, "რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს".

კომისიისვე ცნობით, ამ საკითხზე უწყების თანამშრომლებისათვის ტრენინგები ჩაატარეს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა მედია ექსპერტებმა ელენა მანდიჩმა და დამირ ჰაიდუკმა.

"ტრენინგებზე განხილულ იქნა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის, თვითრეგულირებისა და რეგულირების საკითხები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითებზე", - აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა. გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტებს ქმნიან მოსამართლეებიც.

2004 წლიდან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონით ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, საქართველო გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე გადავიდა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების ან ცილისწამების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს, ცხადია, აქვს უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. თუმცა მან უნდა ამტკიცოს, რომ ამ ინფორმაციის შედეგად კონკრეტული ზარალი მიიღო, შეილახა მისი პატივი და ღირსება.

სიძულვილის ენისა და ცილისწამების რეგულირების შესახებ ბოლო პერიოდში განცხადებებს აქტიურად აკეთებდა საქართველოს პრეზიდენტი. მან ჯერ კიდევ საახალწლო მილოცვის დროს თქვა, რომ "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქის ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. 12 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები