თბილისი პრაიდი

ქართველთა მარში სხვა სიძულვილის ჯგუფებს მოუწოდებს, პრაიდის ჩაშლის გეგმაზე ერთად იმსჯელონ

0 კომენტარი
ფოტო: ლადო სადღობელაშვილი/Fb.com

ნეოფაშისტური დაჯგუფება "ქართველთა მარში" სხვა სიძულვილის ჯგუფებს მოუწოდებს, რომ ყველა ერთსა და იმავე დროს შეიკრიბონ, რათა დაგეგმონ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის კვირეულის ძალადობრივად ჩაშლას. 

ამის შესახებ ქართველთა მარში Facebook-ზე წერს და იქვე აღნიშნავს, რომ დაესწრებიან, როგორც 15 ივნისს პატრიოტთა ალიანსის აქციას, ისე ლევან ვასაძის მიერ "მხოლოდ მამაკაცებისთვის" დაორგანიზებულ შეხვედრას 16 ივნისს ვერის ბაღში. 

"დღეს პატრიოტთა ალიანსს აქვს შეკრება 4 საათზე, ხვალ ბატონ ლევან ვასაძეს 8 საათზე, ზეგ ახალგაზრდა ნაციონალისტებს 7 საათზე, მაზეგ ვეტერანები 5 საათზე და ა.შ. - "ქართული მარში" გამოხატავს სრულ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ, ჩვენი წარმომადგენლები მივლენ ყველა შეკრებაზე, ღმერთმა გაუმარჯოს თითოეულ პატრიოტულ ძალას! ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ასე ცალცალკე შეკრებების გამოცხადებას აჯობებდა, რომ ყველა ქართულად-ეროვნულად მოაზროვნე ძალა დასხდეს, დაილაპარაკოს, შეთანხმდეს და ერთიანი ბრძოლის სტრატეგიით გამართოს შეკრებები, დემონსტრაციები, მიტინგები, აქციები, თუ კონტრაქციები! მერწმუნეთ - მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ საერთო მტრის დამარცხებას! გეი-აღლუმი უნდა ჩაიშალოს და ჩვენ აუცილებლად ჩავშლით მას! უფალმა ინებოს თქვენი გაერთიანება!,"- წერია გავრცელებულ პოსტში. 

თბილისი პრაიდის ჩაშლის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს ასევე პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. ვასაძემ მხოლოდ კაცებს მოუწოდა, რომ 16 ივნისს, 20:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბონ. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები