ლგბტ კვირეული

კვიციანი: კონსტიტუცია აჯანყებასაც ითვალისწინებს, ცოტა ჭკვიანად იყვნენ, ხალხი არ აჯანყდეს

"წამდაუწუმ იქნევენ კონსტიტუციას, რომ ვითომ კონსტიტუცია ითვალისწინებს... კონსტიტუცია ითვალისწინებს ხალხის აჯანყებასაც და ამიტომ, ცოტა ჭკვიანად იყოს ყველა, რომ ხალხი არ აჯანყდეს. ამას ვურჩევ ყველას, ვინც ქართველი ერის დაკნინებას ცდილობს“ - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ვერის ბაღში, "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" განაცხადა. ვერის ბაღში ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებმა თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსეს.

„არ მქონია კომუნიკაცია არავისთან. პირდაპირ მოვედი. მეც მაგისთვის ვიქნები ე.ი. და შევუერთდები „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას. იგივე მოთხოვნა მაქვს, რაც აქ მოსულ ადამიანებს აქვთ, რომ არანაირი პროპაგანდა, გარყვნილება არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, კავკასიურ ქვეყანაში და არ უნდა შევირცხვინოთ თავი" - თქვა კვიციანმა.

ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო. მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებული ორგანიზაცია "მონადირე" ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან. "მონადირე" ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა, კვიციანის სპეციალური სტატუსი კი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საერთოდ გააუქმა.

2006 წელს ემზარ კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და თანამოაზრეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანადგომისკენ მოუწოდა. კვიციანი წართმეული პრივილეგიების დაბრუნებას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. პოლიციელებმა რამდენიმე საათში განაიარაღეს კვიციანის ყველა თანამებრძოლი, თავად აჯანყების მეთაურმა თავი რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა. სამართალდამცავი უწყებების მიერ გასაჯაროებული ფაქტები ადასტურებდა, რომ კვიციანი თბილისში ქართველ პოლიტიკოსებთან, ხოლო სოხუმში რუსეთის მარიონეტ სამხედროებთან ათანხმებდა შემდგომ ნაბიჯებს.

მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ემზარ კვიციანი 2006 წლიდან თავს სწორედ რუსეთის ფედერაციას აფარებდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

ემზარ კვიციანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2014 წელს დაბრუნდა. ის დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რის შემდეგაც, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

2015 წლის იანვარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

"სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე, დამნაშავედ სცნო წარდგენილ მსჯავრში, მას სასჯელის სახით და ზომად 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა მოხდილად ვადის გავლის გამო" - ნათქვამია სასამართლო განაჩენში. 

კომენტარები