ირაკლი კობახიძე

კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ეს კეთდება რელიგიური სარჩულით

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მუქარასა და "სახალხო რაზმების პატრულირების" შესახებ ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ "აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით".

მისი თქმით, ხელისუფლების როლი და ფუნქციაა კანონის უზრუნველყოფა და ეს ფუნქცია შესრულებული იქნება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება.

"სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით. რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები", - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები