თბილისი პრაიდი

ომბუდსმენი: გამოხატვა აღარ არის გამოხატვა, თუკი მისი მიზანია მოქალაქეების დარბევა

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერს ლევან ვასაძეს სამართალდამცავმა ორგანოებმა კითხვები უნდა დაუსვან. მას იმედი აქვს, რომ შსს კრიმინალს ადეკვატურ პასუხს გასცემს.

"ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მე ვფიქრობ, რომ მასთან შეკითხვები უნდა ჰქონდეს სამართალდამცველ ორგანოებს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ გამოძიების დაწყების საფუძველს და შეიცავენ სერიოზული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, მის მიმართ შეკითხვები დასვან და ამ საკითხზე იმუშაონ სამართალდამცავმა ორგანოებმა.

გამოხატვა არ არის გამოხატვა, თუკი მისი მიზანი არის, რომ დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს უკვე გამოხატვა აღარ არის, ეს არის უკვე კრიმინალი და კრიმინალს იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს შესაბამის, ადეკვატურ პასუხს" - თქვა ნინო ლომჯარიამ.

თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტქ+ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანებენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთივიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა ცნობით, მიუხედავად სირთულეებისა და მათ მიმართ გაჟღერებული სასიკვდილო მუქარებისა, ღირსების მარში მაინც ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, უცნობი იყო, რას გადაწყვეტდნენ კვირეულის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა და ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლეა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ შსს-ში პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზეს.

18 ივნისს, ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას პრაიდში მონაწილე პირთა უსაფრთხოება. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები