მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა ასამბლეა, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან

pia.ge

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელიც თბილისში ტარდება და რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, დოლგოვმა ფორუმი დროებით დატოვა, რათა გავრილოვისთვის არ მოესმინა. 

"არ მინდა მოვუსმინო რუსეთის ფედერაციას, გავრილოვს. პარლამენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს აქ არიან წარმოდგენილები პარლამენტარები, რომლებიც მართლმადიდებლურ პრინციპებს უჭერენ მხარს. მათ ეს ფორუმი აერთიანებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ისე უკრაინელებისთვის. ეს არის ეროვნულობის ფუნდამენტური ელემენტი,"- თქვა დოლგოვმა. მის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს. 

19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 

19 ივნისის ღონისძიებაზე პროგრამის მიხედვით კი სერგეი გავრილოვის მისასალმებელი სიტყვაა დაგეგმილი. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

"უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი.

ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. 

კომენტარები