ზაქარია ქუცნაშვილმა აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც "სირცხვილი მთავრობას" ეწერა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც "სირცხვილი მთავრობას“ ეწერა. სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ქუცნაშვილს აქტივისტები "მოღალატე ღორს" და "პუტინის მონას" ეძახდნენ. დეპუტატს მედიასთან კომენტარის გაკეთება სურდა, როდესაც მის უკან ბანერი გაშალეს. ამან ქუცნაშვილი გააღიზიანა, აქტივისტებს ბანერი წაართვა და დახია.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". 

ასამბლეა გაგრძელდება, მაგრამ არა პარლამენტში. 

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები