საქართველო-რუსეთი

თბილისში ჩამოსული რუსი დეპუტატი ჩეპა: საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ

ალექსეი ჩეპა
BBC

20 ივნისს თბილისში ჩამოსულ რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსეი ჩეპას ჟურნალისტმა ჰკითხა, აღიარებდა თუ არა რუსეთის ოკუპაციას, რაზეც დეპუტატმა ჩეპამ მიუგო - "საქართველოს ოკუპაციას ვის მიერ? რუსეთის? ნუ მაცინებთ, რას გულისხმობთ ოკუპაციაში? მე არ მესმის რა ოკუპაციაზე მელაპარაკებით, რას გულისხმობთ ოკუპაციით?"

ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა და უთხრა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას გულისხმობდა.

"თქვენ თავად იყავით იქ? არ გიშვებენ? არ გინდათ? რუსეთი საქართველოს ხელს არ უშლის. მე ვისურვებდი, რომ ყველა ქვეყნა გაერთიანებულიყო და საბჭოთა კავშირში დაბრუნებულიყო, მე ვისურვებდი" - თქვა რუსმა დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ალექსეი ჩეპა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთერთი მთავარი სპიკერია.

"რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა აქტიურად გამოდის, რუსეთიდან 2006 წელს მასიურად გამოძევებული ქართველების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გამოძევებულთათვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ. ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას." - თქვა კანდელაკმა.

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები