რუსი დეპუტატები თბილისში

გავრილოვი: რიგი ქართველი დეპუტატებისგან ბოდიში მივიღეთ

Vestnik Kavkaza

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, ჯერ პარლამენტის შენობა დაეტოვებინა, შემდეგ კი საქართველო, ამბობს, რომ მან პარლამენტის რიგი წევრებისგან ბოდიში მიიღო. 

"ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ პარლამენტი დაგვეტოვებინა და სასტუმროში გადავსულიყავით, სადაც სხდომა დავასრულეთ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სესიას, რადგანაც არ არსებობდა ასამბლეის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ,"- ამბობს გავრილოვი. 

ამასთან, გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართალდამცველებმა და გენპროკურატურამ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, რომლებმაც ის სასტუმროდან გამოსვლის დროს სირცხვილის დერეფანში გაატარეს. 

"ვფიქრობ, აუცილებელია ქართველმა სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მათ შორის, ქართული პარლამენტის იმ დეპუტატებისაც, რომლებიც ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით. ტრიბუნებიდან აცხადებდნენ, რომ ჩვენ გვკლავდნენ და გააგრძელებენ კიდეც მოკვლას," - ყვება გავრილოვი. 

თუმცა, ამ ბოლო ნაწილს სიმართლესთან საერთო არ აქვს. რუს დეპუტატს სიცოცხლის მოსპობით პარლამენტის ტრიბუნიდან არავინ დამუქრებია. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას. 

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. 

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა. 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები. 

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. 

კომენტარები