ირაკლი ხვადაგიანთან საკანში ექიმი მისი დაკავებიდან და ცემიდან მე-3 დღეს შევიდა

ირაკლი ხვადაგიანი

სოვლაბის მკვლევართან, ირაკლი ხვადაგიანთან, რომელიც აქციის დარბევის დროს დააკავეს და სცემეს, დღეს, 22 ივნისს, დაკავებიდან მე-3 დღეს საკანში ექიმი შევიდა. 

მისი თქმით, ხვადაგიანს ტვინის შერყევა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხვადაგიანი 20 ივნისის ღამეს პოლიციისთვის გინების ბრალდებით დააკავეს. დაკავების დროს სცემეს. მას სახეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ასევე, 2 დღის განმავლობაში არ მიეცა სისხლიანი ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება. 

21 ივნისის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ ხვადაგიანს 9 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. 

ისტორიკოსი ქეთევან სიხარულიძე, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ პოლიციას ხვადაგიანის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია - არც ფოტო და ვიდეო მასალა, არც მოწმე ჰყოლია. თუმცა, მოსამართლემ ხვადაგიანი მაინც გაამტყუნა. 

ირაკლისთან ერთად დააკავეს მისი ძმა, ასევე სოვლაბის მკვლევარი, დავით ხვადაგიანი. მასაც სცემეს. რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ზარის განხორციელების საშუალებას, ამიტომ მისი ადგილსამყოფელი ახლობლებისთვის უცნობი იყო. 

მას დაზიანებული აქვს ყური და ნაწილობრივ დაკარგული აქვს სმენა, ასევე, დაზიანებული აქვს მარცხენა ფეხი და სიარული უჭირს. დავით ხვადაგიანის ადმინისტრაციული პროცესი 12 დღის შემდეგ ჩაინიშნა. ამ ეტაპზე ის თავისუფალია. 

ორივე მათგანი აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავებულებს უსაფრთხო ადგილამდე მისვლაში ეხმარებოდა.

დავით ხავადაგიანი დაკავებისას
ფოტო: ქეთევან სიხარულიძე
როგორ განვითარდა მოვლენები 20-21 ივნისის ღამეს, ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები