ანტისაოკუპაციო აქცია

ხოშტარია: ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციების შეეშინდა და ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა

მერიამ დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო აქედან ჯებირები - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა. 

ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებულია და ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა.

"იმიტომ რომ ისინი მიხვდნენ რომ ვერაფრით ჩაახშობენ ამ მშვიდობიან პროტესტს და მინდა საზოგადოებას ვაცნობო რომ მერია, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო აქედან ჯებირები",- ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიამ მერიას ჯებირების და სცენის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა.

"ასეთი წვრილმანი ხელის შეშლის მეთოდებით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს და ეს არის უბრალოდ სასაცილო, რომ ამას უპირისპირებთ ნაცვლად გადაწყვეტილებებისა. ამხელა მრავალრიცხოვან პროტესტს. მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულებაც აქვს მერიას, მათ არ აწყობთ, იმიტომ რომ ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ აურიონ სიტუაცია. ჩვენ გუშინ გამოვავლინეთ არაერთი პროვოკატორი სახელით და გვარით, რუსთავის, რაჭის, თბილისის ახალგაზრდული ქართული ოცნების ორგანიზაციის წევრები. რომლებიც ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მისულიყვნენ სცენასთან ახლოს, რადგან ისინი ვერ მივიდნენ და ადამიანებმა მშვიდობიანად გაიყვანეს ისინი ადგილიდან, დღეს მას კომფორტი შეუქმნეს პროვოკატორებს და ჰგონიათ რომ ჯებირების გარეშე რაღაცა გამოუვათ. პირდაპირ გეუბნებით, არაფერი გამოგივათ გარდა იმისა რომ დააკმაყოფილოთ ხალხის მოთხოვნები, გადადგეს გახარია და დაიწყოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, სასწრაფოდ დააბრუნეთ ადამიანების კუთვნილი სცენა, ჟურნალისტების კუთვნილი სცენა და გონს მოეგეთ, იმიტომ რომ მიიღებთ კიდევ უფრო მტკიცე პროტესტს და კიდევ უფრო სწრაფად და მტკივნეულად მოგიწევთ მოთხოვნების შესრულება",- ამბობს ხოშტარია. 

ცნობისთვის, თბილისის მერიამ, პარლამენტის წინ არსებული ტექნიკისა და სცენის წაღების შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, ტერიტორიის დასუფთავებისას კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს.

"ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ. "თბილსერვის ჯგუფმა" დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, "თბილსერვის ჯგუფს" ის არ დახვედრია ადგილზე. 

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ "თბილსერვის ჯგუფის" მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები