პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით

ნათელაშვილი: ლეიბორისტებს ბარიერის პრობლემა არასდროს გვქონია, უბრალოდ, გვიყალბებდნენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წერს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, უბრალოდ, მისივე თქმით, მმართველი ელიტა არ უშვებდა მათ პარლამენტში. 

ამის შესახებ ნათელაშვილი Facebook-ზე წერს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ბარიერის გაუქმებას ულოცავს. 

"მე უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც გვილოცავს ბარიერის გაუქმებას იმ იმედით, რომ ახლა მაინც თურმე, გარანტირებულად მოვხვდებით პარლამენტში. მეგობრებო, მინდა, გაგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ლეიბორისტული პარტიისთვის ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული პრობლემები ობიექტურად არასოდეს არ არსებობდა. უბრალოდ, ყველა რეჟიმის მმართველი ელიტა და ოლიგარქია პირდაპირი გაგებით არ გვიშვებდა პარლამენტში. 

აგერ, 1999 წელს გადავლახეთ 7%-იანი ბარიერი, მაგრამ დაგვიწერეს 6.99%. 2003 წელს ავიღეთ 25%-ზე მეტი, დაგვიწერეს 12.4%. ესეც ებევრათ და საერთოდ დაგვითხოვეს პარლამენტიდან. 2004 წელს გადავლახეთ ბარიერი, კვლავ გაგვიყალბეს, დაგვაკლეს 0.1%. 2008 წელს ავიღეთ 15%-მდე, დაგვიწერეს 7.44%. 2012 წელს ივანიშვილის ბრჭყვიალა დოლარებმა მთელი ხალხი გააქცია ოცნებისკენ, წავაგეთ, ავიღეთ 2%-მდე, არ გაუყალბებიათ. 2016 წელს გადავლახეთ ბარიერი, მაგრამ წინასწარ ივანიშვილმა ტელევიზიით დაიფიცა, რომ არ შეგვიშვებდა პარლამენტში. შეასრულა. ამდენად, ჩვენი და მთელი ქვეყნის პრობლემაა არა ბარიერი, არამედ ოლიგარქიის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაცია,"- წერს ნათელაშვილი. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 4-დღიანი მრავალათასიანი აქციის ფონზე, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარდება და საარჩევნო ბარიერი არ იქნება.

პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლა აქციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

კომენტარები