თალაკვაძის არჩევა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 94 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და კენჭისყრად არ ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შორის იყოს ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას გადადგომა. კობახიძე 21 ივნისს გადადგა. 

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

რუს დეპუტატებს შორის იყო, სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბერს გახდა. მანამდე ის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრია იყო, 2015 წლიდან.

კომენტარები