ნიკა მელიას საქმე

ჯაში მელიაზე: ასეთი სენსიტიური გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი მტკიცებულება არ მქონდა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა მედიას გაუნმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, მისი 91 თანაგუნდელის მსგავსად.


"პირველი ეს არის უპირველესი პრინციპი თავად პარლამენტარიზმის და პარლამენტის წევრის იმუნიტეტის პატივისცემის, რომელიც გვავალდებულებს, რომ მაქსიმალურად მყარი არგუმენტები არსებობდეს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული,"- ამბობს მარიამ ჯაში. 

დეპუტატის თქმით, მეორე მიზეზი სამართლებრივია და თავად პროკურატურის არგუმენტაციის სიძლიერესა და იმ მოცემულობას უკავშირდება, რომლის საფუძველზეც დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

"დღეს არსებული რეგლამენტი არ გვავალდებულებს შინაარსობრივ განხილვებში შესვლას, პრაქტიკულად ის არის უფრო პროცედურული ხასიათის, ვიდრე შნაარსობრივი განხილვის, რომელიც გვაძლებს მტკიცებულებათა სისრულის განხილვის შესაძლებლობას. ამ მოცემულობით მივიღე გადაწყვეტილება და ჩავთვალე, რომ ჩემთვის პირადად საკმარისი მამტკიცებელი საფუძვლები არ იყო იმისთვის, რომ მიმეღო ისეთი სენსიტიური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა კოლეგისთვის იმუნიტეტის მოხსნას",- თქვა მარიამ ჯაშმა. 

დეპუტატს ჟურნალისტებმა გუნდის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებაზე და გუნდში შესაძლო უსიამოვნებების შესახებაც ჰკითხეს.. 

"მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ აძლიერებს ნებისმიერ გუნდს. თუკი ჩვენ გვექნება განხილვა, თუკი ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება გუნდურობის პრინციპის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მზად ვარ, შედგეს საუბარი. თუკი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს შეიძლება აისახლოს გუნდის მუშაობის შემდგომ ეტაპებზე, მე მზად ვარ, რომ მოვისმინო ნებისმიერი გადაწყვეტილება,"- პასუხობს მარიამ ჯაში. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა. თავი შეიკავა სამმა დეპუტატმა - რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა და ალექსანდრე ერქვანიამ. 

ენმ-ის დეპუტატს, ნიკა მელიას, პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები