ნიკა მელიას საქმე

ქანთარია: დეპუტატების ნაწილი ალბათ მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი უნდა დარჩეს პარლამენტში

თანაგუნდელებს არაფერს ვედავები. ვამბობ, რომ ეს საკითხი არის პრინციპული საკითხი. - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ნუკრი ქანთარია, უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქმას. 

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ საკითხი წინასწარ შეთანხმებული იყო.

"რა თქმა უნდა წინასწარ შეთანხმებაც თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა ჩვენ ან ერთად ვუჭერდით მხარს ან ერთად არ ვუჭერდით მხარს. ეს არის ბუნებრივი ასეთ დროს დაქსაქსვა ჩემთვის მიუღებელია",- ამბობს ქანთარია. 

მისივე თქმით, თანაგუნდელები დატოვებენ თუ არა პარტიას, ამაზე მსჯელობა იქნება.  

"დატოვონ, არ დატოვონ, მე ახლა ასე არ შევალ ახლა. იქნება ამაზე მსჯელობა. თვითონაც იტყვიან. აქ იცით, აი ეს არის პოლიტიკა, პარლამენტი. ან პარლამენტი ან მონასტერი. არის ორი გზა. ამიტომ ნაწილი ალბათ მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი უნდა დარჩეს პარლამენტში",- ამბობს ქანთარია.  

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა. თავი შეიკავა სამმა დეპუტატმა - რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა და ალექსანდრე ერქვანიამ. 

ენმ-ის დეპუტატს, ნიკა მელიას, პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები