ნიკა მელიას საქმე

პროკურორი: მელიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს

ამირან გულუაშვილი
რუსთავი 2

პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას მხრიდან ახალი დანაშულის ჩადენის საფრთხე არსებობს და ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სწორედ ამიტომ ითხოვს. 

ასევე, მისი თქმით, არის საფრთხე, რომ მელია სასამართლოზე მოახდენს ზემოქმედებას და/ან ხელს შეუშლის მტკიცებულებათა მოპოვებას. 

"სასამართლოზე ზემოქმედების, ნიკანორ მელიას ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის. ასევე მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძება გირაო დაარღვია. მიუხედავად კანონიერი მოთხოვნისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს, სასამართლოს მხრიდან, მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ყველა ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული. 

საქმეში არსებობს არა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, არამედ საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ის პირები, ვინც მისულები იყვნენ მიტინგზე", - თქვა ამირან გულუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. 

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები