აქციის ორგანიზატორი სააკაშვილს: თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა - არა

ტაბულა

"ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს" - ასე გამოეხმაურა პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. პალიტრანიუსის გადაცემა ნიუსრუმში მას ჰკითხეს, შეასრულებენ თუ არა ექსპრეზიდენტის თხოვნას და მოითხოვენ თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

"გამორიცხულია, არავითარი ვადამდელი არჩევნები, არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. კონკრეტული მოთხოვნებით დავიწყეთ ყველაფერი და ამ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე დასრულდება. ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს" - თქვა დიღმელაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეები ვლადიმირ პუტინს ებრძვიან, თავად არის "პუტინის მთავარი მტერი".

მეცხრე დღეა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები