არჩევნები 2020

1-ლი ივლისიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი იწყება

ცესკო

1-ლი ივლისიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი დაიწყება

შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, ასევე სხვა საპარლამენტო ფორმატები, რომლებიც ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესაბამისი ჩანაწერზე იმუშავებს. 

კომისიისა და სხვა საპარლამენტო ფორმატების მუშაობაში ჩაერთვება ევროპული საქართველო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას 2017 წელსაც ითხოვდა, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა. 

"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ კომისიის მუშაობაშიც და სხვა საპარლამენტო ფორმატებშიც იმ მიზნით, რომ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ იქნას მიღებული", - ამბობს ტაბულასთან სერგი კაპანაძე. 

მისივე თქმით, ევროპული საქართველო მხარს უჭერს 3%-იან ბარიერსაც და ბლოკებად გაერთიანების დაშვებასაც - ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა 0%-იანი ბარიერის პირობებში წამოადგინა

"თუმცა, თუ ეს არ იქნება მიღებული, ჩვენ პროპორციულ სისტემას ნებისმიერი კონფიგურაციით მხარს მაინც დავუჭერთ. მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემა იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს. ამ სისტემის მიღება ჩვენთვის უპრინციპულესია", - თქვა კაპანაძემ. 

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს, რომელიც 29 ივნისს ენმ-ის წევრმა, სანდრა რულოვსმა დააყენა - კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ქართული ოცნებისთვის იყოს "სიტუაციიდან გამოძრომის" საშუალება. 

"ქართულ ოცნებას შეიძლება ქონდეს სიტუაციიდან გამოსაძრომი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სახით. საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა გაზაფხულამდე ვერ დამტკიცდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ვფოკუსირდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მერე ვისაუბროთ, ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებთ თუ არა. ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ახლა მინდა ვადამდელი, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს რამდენიმე თვე სჭირდება, არასწორია", - ამბობს ის. 

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს განაცხადა. მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

მათი შემოთავაზებით, გაუქმდება საპროცენტო ბარიერი. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პროტესტის მე-11 დღეს აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

ქართულმა ოცნებამ ასევე დააანონსა, რომ "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას 1-ლ ივლისს გამართავს.

რა არის პროპორციული საარჩენო სისტემა და რით განსხვავდება ის დღევანდელისგან, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები